суббота, 29 мая 2010 г.

წინასაარჩევნო აგიტაცია საჯარო სკოლაში


წინასაარჩევნო აგიტაცია საჯარო სკოლაში

საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებით, რეკომენდაცია მისცა ყველა საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, სასწავლო პროცესის დროს არ დაუშვას სკოლის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება, რათა არ შეფერხდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა. თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის საჯარო სკოლების გამოყენების რამდენიმე შემთხვევას მაინც ჰქონდა ადგილი.
14 მაისს, # 55-ე საჯარო სკოლაში მიხეილ სააკაშვილი სკოლის სასადილოს გახსნას დაესწრო, მან ჟურნალისტებთან ისუბრა 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ყურადღება გაამახვილა ყველა დონის ხელისუფლების შეთანხმებული მოქმედების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა საჯარო სკოლებში მიმდინარე ცვლილებების წარმატებით განხორციელება მერიის, განათლების სამინისტროსა და პრეზიდენტის ერთობლივ მუშაობას დაუკავშირა და ამომრჩეველს მოუწოდა 30 მაისს პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ არჩევანს. ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ მომზადებულ სიუჟეტში 55-ე სკოლის მოსწავლეები ყვებიან, რომ პრეზიდენტის დასახვედრი ღონისძიების ორგანიზების მიზნით, სკოლაში სწავლის პროცესი ორი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო, გარდა ამისა, კადრში ჩანს პრეზიდენტის დასახვედრად შენობის წინ გამოსული სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც აცვიათ მაისურები წარწერით: “გიგი უგულავა თბილისის მერი.” მაისურზე ასევე გამოსახულია # 5. სკოლის მოსწავლეების წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩაბმა ეწინააღმდეგება კანონს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც კრძალავს სასწავლო პროცესის პოლიტიზაციას და ამავე კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, გარანტირებულია საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გაერთიანებისაგან. ამას გარდა, შეუსაბამოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლების ადმინისტრაციისთვის გაწეულ რეკომენდაციასთან.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორის, ნინო ლომჯარიას განცხადებით: “ეს არის იგივე ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევა და ჩვენ მივმართეთ განათლების სამინისტროს, რომ გენერალურ ინსპეკციას შეესწავლა ეს ფაქტი და მიეღო შესაბამისი ზომები სკოლის ადმინისტრაციის მიმართ.” რაც შეეხება თავად 55-ე სკოლის დირექტორs, ქ-ნმა თამარ ლომჯარიამ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განაცხადა, რომ: “მე მაქვს დუმილის უფლება და შეგიძლიათ დაწეროთ რაც გინდათ, მე ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ.” გამოკითხული რამდენიმე მასწავლებისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ არც ერთი მათგანი იმ დღეს სკოლაში არ ყოფილა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაინცდამაინც ამ დღეს მათ გაკვეთილები არ ჰქონდათ ცხრილით, ამიტომ არავინ არ იცის რა ხდებოდა იმ დღეს სკოლაში, მათ შორის არც დაცვის თანამშრომელმა და არც მშობლებმა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, 2 დღის განმავლობაში სკოლაში სასწავლო პროცესი იყო შეწყვეტილი. სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარის, ეკა სირაძის განცხადებით: “სწავლის პროცესი არ უნდა შეწყდეს არანაირ საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში, შესაბამისად სწავლის დროს არ უნდა მოხდეს არც ერთი კანდიდატის, ნებისმიერი პარტიის კანდიდატის სკოლაში შესვლა და რაღაცა ტიპის აგიტაციის სკოლაში ჩატარება. ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ თვითონ ბავშვებს ეცვათ უგულავას გვარით გამოსახული მაისურები, მართალია ბავშვები ამომრჩევლები არ არიან, მაგრამ მათი მშობლები არიან ამომრჩევლები და შესაბამისად ეს ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული რესურსის ცუდად გამოყენებად. მე ვერ წარმომიდგენია, ნებისმიერ სხვა კანდიდატს შეძლებოდა იგივეს გაკეთება, რაც ამ შემთხვევაში ბატონ უგულავას შემთხვევაში მოხდა. ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტია იმისა, რომ ყველა კანდიდატი ნამდვილად არ არის თანაბარ პირობებში ჩაყენებული. აქ ერთი ნიუანსია, როგორ მოხდა ამ მაისურების დამზადება, როგორი იყო მითითება, რჩევა თუ ნება-სურვილის მიხედვით, შეიძლებოდა, რომ ბავშვს არ ჩაეცვა თუ მას არ სურდა, იყო თუ არა შეთანხმებული ეს მათ მშობლებთან, ეს ყველაფერი არის დასადგენი.” პრეზიდენტს არც უფროსკლასელი მოსწავლეები დახვდნენ, როგორც მე-7 კლასის მოსწავლეებმა ნუნუკა მებურიშვილმა, თათა ხარებაშვილმა და თაკო ჩხეიძემ გვითხრეს, ამ დღეს სკოლაში მხოლოდ პატარები დაიბარეს. ”მაესტროს” ეთერში გასული კადრების შემდეგ, მოვძებნეთ სწორედ ის მოსწავლეები, რომლებიც უშუალოდ ჩანდნენ სიუჟეტში. ზუკა ძნელაძე და ნიკა ჯამასპიშვილი 55-ე სკოლის მე-6 კლასელები არიან, სწორედ ისინი ყვებოდნენ “მაესტროს” კორესპონდენტთან, რომ მათ ეს მაისურები გიგი უგულავამ აჩუქა ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებაზე, ჩემს შეკითხვაზე კი, თუ საიდან ჰქონდათ 5 ნომრიანი მაისურები, თავდაპირველად ვეღარ გაიხსენეს, მერე კი გაახსენდათ, რომ ერთ-ერთის დედამ მოიტანა საიდანღაც და მათ ის თავისი სურვილით ჩაიცვეს. ზუკამ და ნიკამ იმის შესახებაც გვიამბეს, თუ როგორ მისცა მათ საყვედური სკოლის დირექტორმა, ზემოთ ხსენებული მაისურების ჩაცმის გამო, მას შემდეგ, რაც ეს სიუჟეტი ეთერში გავიდა. როგორც მათმა დამრიგებელმა (რომელიც გახლავთ სკოლის დირექტორის, ქ-ნ თამარ ჭაბაშვილის და), ქ-ნმა თეკლა ფერაძემ მოგვახსენა, მისთვისაც მოულოდნელი იყო როდესაც პრეზიდენტის ვიზიტის დროს, მოსწავლეები ამ მაისურებით დაინახა,: “ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს ამბავი და სურვილი მქონდა გამეხადა ბავშვებისთვის ეს მაისურები, მაგრამ ამ აჟიოტაჟში ვეღარ მოვახერხე, თანაც მე უფლებაც არ მქონდა, თუკი ბავშვი ასე ჩაცმული გამოუშვეს სახლიდან, მე როგორ უნდა გამეხადა? ეს ხომ ერთგვარად ბავშვის უფლებების დარღვევაცაა? ისიც არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს მაისურები. რაც შეეხება გაკვეთილებს, ტარდებოდა და სწავლა არ შეწყვეტილა, ეს სიუჟეტი კი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი სიუჟეტი გაკეთდა, როგორ შეიძლებოდა ჩვენ მიგვეთითებინა ბავშვებისთვის რა უნდა ჩაეცვათ?” ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ვახტანგ კობალაძის განცხადებით: “აშკარა არის ზემოქმედება წინა საარჩევნო პროცესზე, სკოლა უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკისაგან, მითუმეტეს ბავშვები, რომლებიც არ არიან ჯერ საარჩევნო უფლების მქონე, არ შეიძლება მათი გამოყენება წინასაარჩევნო პროცესში და საარჩევნო კამპანიაში მათი ჩართვა. კანონის ფარგლებში, ყველა დარღვევაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა აგონ პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საჯარო განცხადებები უმაღლესი თანამდებობის პირებისა: არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მოწოდებები, რომ ამომრჩევლები არ დამორჩილდნენ სხვადასხვა ფუჭ დაპირებებს, ეს დარჩება ცარიელ სიტყვებად. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოხდება რეაგირება ამაზე, თუმცა ჯერჯერობით მაინცდამაინც სანუგეშო სიტუაცია ამ მხრივ არ არის.”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, კოკი იონათამიშვილს არაფერი საგანგაშო იმაში არ მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა 55–ე სკოლაში საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა გიგი უგულავას მიმართ, მისი განცხადებით: „პრეზიდენტს აქვს სრული უფლება და ეს არ არის მხოლოდ ქართული ნორმა, რომ მხარდაჭერა გაუწიოს თავის ფავორიტს. მე დავინტერესდი ამ ფაქტით (გულისხმობს 55–ე სკოლაში პრეზიდენტის ვიზიტზე) და როგორც ვიცი, ეს ბავშვები არ ყოფილან სასადილოში ამ მაისურებით, (თუკი იხილავთ “მაესტროს” მომზადებულ სიუჟეტს, ნახავთ, რომ ასეთი მაისურით სასადილოშიც იყო შესული მოსწავლე _ ავტ.) რამოდენიმე ბავშვი მართლაც იყო და ეს ტელეკამერებიდანაც ჩანდა, მაგრამ ისინი იყვნენ გარეთ და თუ ბავშვები იყვნენ გარეთ, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. თუ იყვნენ შიგნით, ეს არ არის კარგი და არ არის ნორმალური გარემო, რომ ბავშვები აუცილებლად სკოლაში დადიოდნენ რომელიმე პარტიის მხარდამჭერი მაისურებით, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პოზიციაა და მხოლოდ ლაპარაკი იმაზე, რომ კანდიდატები ამით არათანაბარ პირობებშია, არ არის სწორი. ჩვენზე იძახიან, რომ კანონი განსაკუთრებით არ გვიყვარს და არ ვართ ობიექტურები, ამ ხალხის გასაგონად ვამბობ, რომ არაფერში არ გვჭირდება უკანონობა და ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება, რადგან ვგრძნობთ, რომ ხალხი მხარს გვიჭერს.”