вторник, 1 июня 2010 г.

# 46 –ე საარჩევნო უბანი

sაბურთალოს საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანში, რომელიც მდებარეობს ბუდაპეშტის ქუჩა # 3, ერთიან სიაში ამომჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 1566 ადამიანს. aრსებობს სპეციალური 7 კაციანი სია, რომლებშიც არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. დღის 12 საათისთის დაფიქსირდა 237 ამომრჩეველი. 17 საათისთვის კი 552. არჩევნები ძირითადად მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. თუმცა ადგილი ჰქონდა პატარა ინციდენტებსაც.

”ალიანსი საქართველოსათვის” წარმომადგენელმა ირაკლი კიკნაძემ, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილის პარტიის “საქართველოს გზის” წევრი, სიაში აღმოაჩინა 22 ადამიანი, რომლებიც არიან ან გარდაცვლილი ან საზღვარგარეთ მაცხოვრებელი ან მიწერილი. როგორც ირაკლი კიკნაძემ განაცხადა: “ამ 22 ადამიანის შესახებ ალიანსმა წინასწარ განაცხადა ცესკოში, რომ ამოეღოთ სიიდან, ვინაიდან ეს პიროვნებები ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას. როგორც ხედავთ, ისინი დღეს ისევ სიაში არიან. ადამიანი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ, მასზე მითითებული უნდა იყოს, რომ ის საზღვარგარეთაა და იქ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი. შეიძლება ეს ძალიან სერიოზული დარღვევა არ არის, მაგრამ ალიანსმა ამის შესახებ უკვე გააკეთა განაცხადი, შევადგინეთ ოქმი და ვნახოთ რა გამოხმაურება მოჰყვება.” ირაკლი კიკნაძე აცხადებს იმის შესახებაც, რომ მარკირების სითხე უხარისხოა. მას შემდეგ, რაც მან ხმა მისცა თავის საარჩევნო უბანში, ერთი საათის შემდეგ მან გადაამოწმა და დაბანილ ხელზე უკვე აღარ დაფიქსირდა მარკირების სითხე, ეს თავად ნაკადის მარეგულირებელმა რეზო ბარკავამაც დაადასტურა.
რაც შეეხება ბიულეტენებს, როგორც ზემოთ ვთქვით, ამომრჩეველთა რაოდენობა უაბნზე იყო 1566. ბიულეტენთა რაოდენობა კი შეადგენდა 1450-ს, რაც, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ნარგიზ ფერაძემ გვითხრა: ”ბიულეტენის ეს რაოდენობა ცესკოდან მოვიდა. არჩევნებზე არასოდეს არ მოდის ზუსტად იმდენივე ამომრჩეველი, რამდენიცაა დარეგისტრირებული. ეს ყოველთვის ასე ხდება. ამიტომ, ბიულეტენთა ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია.თუ დაგვაკლდება, სასწრაფოდ მოგვიტანენ ცესკოდან.”

ერთერთმა პიროვნებამ, რომელმაც არ ისურვა თავისი სახელისა და გვარის აფიშირება, თუმცა იყო 46-ე უბნის ამომრჩეველი, პრეტენზიით მიმართა კომისიის წევრებს, იმის შესახებ, რომ მის მისამართზე (კანდელაკის ქუჩა 11) დარეგისტრირებულია ვინმე გალინა ქართველიშვილი, რომელიც უკვე 10 წელია ცხოვრობს ისრაელში. როგორც ამ პიროვნებამ გვითხრა, მან არაერთხელ აცნობა კოორდინატორებს ამის შესახებ. ასევე ყველა წინა არჩევნებზე აცხადებდა ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ეს ქალბატონი კვლავ სიაშია. ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირდა არაერთი მისამართი (ამომრჩევლის), რომელზეც ბინის ნომერი არ იყო მითითებული. ამაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ სიკინჭილაშვილმა გვითხრა რომ ”ცესკოდან მოვიდა ეს სიები და ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ.” ამომრჩეველმა, რომელიც ცხოვრობს კანდელაკის ქუჩა 8- ში, კომისიის წევრებს შეატყობინა იმის შესახებ, რომ მისი ოჯახის წევრები თამაზ და ქეთევან თუშიშვილები საზღვარგარეთ იმყოფებიან და მიუხედავად იმისა, რომ მან შეატყობინა ამის შესახებ კოორდინატორებს, ისინი მაინც აღმოჩნდნენ სიაში. ეს ქალბატონი დაინტერესებული იყო იმით, რომ მისი ოჯახის წევრების სახელები და გვარები არ გამოეყენებინათ უცხო პირებს ხმის მისაცემად.

46-ე უბანზე შემოვლა ჩაატარეს ევროსაბჭოს უცხოელმა დამკვირვებლებმა. როგორც უნო სილბერგმა განაცხადა: “ჩვენი მთავარი მისია არჩევნების დაკვირვებაა, რეკომენდაციებს კი არ ვიძლევით. ხვალ 11 საათზე სასტუმრო ”ამბასადორში” გაიმართება პრესკონფერენცია და იქ წარმოვადგენთ არჩევნების შესახებ პირველად დასკვნას.”

46- ე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლა დილის 5 საათზე დასრულდა. 1566 ადამიანიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 692-მა ადამაინმა, რაც შეადგენს 47%-ს. როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნარგიზ ფერაძემ გვითხრა: “ წინა არჩევნებთან შედარებით, მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ ნორმალური იყო, ბოლო წლების განმავლობაში არც ერთხელ არ გამოცხადებულა ამდენი ამომრჩეველი, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ფაქტია.”გამარჯვებული თბილისის მერის თანამდებობაზე, გახდა (კონკრეტულად ამ უბანში) გიორგი უგულავა 319 ხმით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს არჩევნებში გაიმარჯვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ” 287 ხმით. მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ზაზა სინაურიძე (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) 285 ხმით. დათვლილი ხმების მიხედვით, ბალანსი დაჯდა და 46-ე საარჩევნო უბნის ხმები გადაეცა საოლქო კომისიას.


ელენე ცინცაძე

გვანცა გორდეზიანი

Комментариев нет:

Отправить комментарий