пятница, 30 октября 2009 г.

პაპილომა ვირუსი


“როგორ ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბო”

პაპილომა ვირუსით გამოწვეული
საშვილოსნოს ყელის კიბო

დღეისათვის განვითარებულ ქვეყნებში ინტენსიურად მიმდინარეობს ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნეების ნაადრევი დიაგნოსტიკა, ე.წ. ონკო-პრევენციული გამოკვლევა. მთელ მსოფლიოში 60 000-მდე ქალს უვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო, ყოველწლიურად 30 000 მანდილოსანი იღუპება ამ სენით და 225 000-ზე მეტი ქალბატონი ცხოვრობს ამ დაავადებით (ნამკურნალევი თუ სხვა). ყველა ეს დაავადება თუ სიკვდილი საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებისა, შესაძლებელია თავიდან აიცილონ ქალბატონებმა დროული მკურნალობის შემთხვევაში.






კიბოს ნაადრევი დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა მისი დროული გამოვლინებისა და მკურნალობისა. საქართველოში XX საუკუნის მე-2 ნახევრიდან მიმდინარეობს კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა. ექიმი-გინეკოლოგის, ნინო ხელაშვილის თქმით, “ამჟამად მდგომარეობა ქალთა გამოკვლევისა შემცირებულია და ეს ძირითადად ბრალდება მათ სოციალურ მდგომარეობას. მათ არ შეუძლიათ დროულად მიმართონ ექიმს. ამის გამო საქართველოში ქალთა სასქესო ორგანოების სიმსივნეების რიცხვმა 3-ჯერ მოიმატა. მათ შორის პირველ ადგილზე არის სარძევე ჯირკვლების კიბო და მეორეზე კი საშვილოსნოს ყელის სიმსივნე. საშვილოსნოს ყელის კიბოს წინ უძღვის ხანგრძლივად მიმდინარე პათოლოგიური პროცესები-სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული. ერთ-ერთი მიზეზი უამრავ მიზეზთა შორის არის პაპილომა ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის ეროზია.”





პაპილომავირუსული ინფექცია დიდი ხნის წინათაა ცნობილი. ის ჯერ კიდევ აღწერილია ძველი ბერძენი ექიმების მიერ სახელწოდებით- “კონდილომები”, რაც სიტყვასიტყვით მეჭეჭს ნიშნავს. ნინო ხელაშვილის განცხადებით: “პაპილომავირუსული ინფექციის გადაცემა ხდება მხოლოდ სქესობრივი გზით. ძირითადად ის აავადებს ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ეწევიან აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას. საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება საშვილოსნოს ყელში, ის საშვილოსნოს ის ნაწილია, რომელიც გადადის საშოში. კიბო ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა საშვილოსნოს ყელის უჯრედები დაზიანებულია ადამიანის პაპილომა ვირუსით. უჯრედები ხდებიან ატიპიური და იწყებენ ზრდას.”



არსებობს პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი, ამათგან 40-ს გააჩნია უნარი დააინფიცირონ სასქესო ორგანოს მიდამოები როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. პაპილომა ვირუსის ზოგ ტიპს შეუძლიათ გამოიწვიონ სასქესო მეჭეჭი, მაშინ, როცა 15 მაღალი რისკის მქონე ტიპს უნარი აქვთ საშვილოსნოს ყელის უჯრედებად გადაგვარების 10-დან 15 წლამდე პერიოდის განმავლობაში. http://www.ecca.info/







უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსი ძალიან გავრცელებულია და შესაძლოა დაინფიცირება ნებისმიერ დროს მოხდეს. დიდი ნაწილი მიმდინარეობს უსიმპტომოდ და არის შემთხვევები, როდესაც შეუმჩნევადი ფორმა პაპილომა ვირუსის თავისთავად ქრება ინფიცირებიდან 24 თვეში. მაგრამ პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც ქალის ორგანიზმი ვერ ებრძვის პაპილომა ვირუსს და საშვილოსნოს ყელში წარმოქმნილი ატიპიური ცერვიკალური უჯრედები დროთა განმავლობაში პროგრესირებს კიბომდე, თუ არ მოხდა დროული გამოვლენა, დიაგნოსტიკა და დაზიანებული უჯრედების მოშორება. თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ ამ გადაგვარებულ უჯრედებს არ ახასიათებთ რაიმე ხილული ნიშნები და სიმპტომები და ერთადერთი გზა მათი აღმოჩენისა გახლავთ საშვილოსნოს ყელის სკრინინგი. საქართველოში საშვილოსნოს ყელის სკრინინგული გამოკვლევა რეკომენდირებულია 25-დან 60 წლამდე ასაკის ყველა ქალისათვის, არა აქვს მნიშვნელობა არიან თუ არა სექსუალურად აქტიურნი. თბილისში არსებობს სპეციალური ეროვნული სკრინინგ ცენტრი, სადაც ატარებენ შესაბამის გამოკვლევას, თუმცა ექიმი-ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის თქმით: “საქართველოში ქალების ცოდნის დონე საშვილოსნოს ყელის კიბოსთან დაკავშირებით სამწუხაროდ ძალიან დაბალია, არადა პაპილომა ითვლება ყველაზე გადამდებ ინფექციურ ვირუსად. ახლახან სადაზღვეო კომპანიებმა ქალთა გამოკვლევის ანაზღაურება დაიწყეს და იმედი გვაქვს ეს დაეხმარება მანდილოსნებს დროულად ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის სკრინინგი.” “ნეოკლინიკის” სტატისტიკის მიხედვით ყოველთვიურად 15-20 ქალბატონი აკითხავს ცენტრს და იტარებს საშვილოსნოს ყელის სკრინინგს, რაც ძალიან ცოტაა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე “500 ქალის მოსაზრება პაპილომა ვირუსის შესახებ”, რომელსაც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ხელმძღვანელობს: “ ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ პაპილომა ვირუსის შესახებ. ყოველდღიურად მსოფლიოში 600-ზე მეტი ქალი კვდება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, ამიტომ აუცილებელია გაესაუბროთ თქვენს ექიმს იმ პროფილაქტიკური საშუალების შესახებ, რომელსაც შეუძლია დაგიცვათ ამ დაავადებისაგან. პაპილომა ვირუსით დაინფიცირებულია ყოველი მეათე ადამიანი მსოფლიოში, ეს დაახლოებით 630 მილიონია, თუმცა რათქმაუნდა ყველა მათგანს არა აქვს ვირუსის ის ტიპი, რომელიც იწვევს კიბოს. ჩვენ გამოვკითხავთ 500 მანდილოსანს (შემთხვევით შერჩეულს), გვაინტერესებს რა იციან მათ პაპილომა ვირუსის შესახებ, როგორ უყურებენ ვაქცინაციას და რა მეთოდებით მკურნალობენ საკუთარ თავს. პირველი შედეგები მზად იქნება იანვრის ბოლოსათვის.”



როგორც ავღნიშნეთ მამაკაცებიც ინფიცირდებიან HPV ვირუსით და შემდგომ უკვე ძალიან რეალურია გადასცენ ეს ინფექცია თავიანთ პარტნიორებს. არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც პაპილომა იწვევს სასქესო ორგანოს სიმსივნეს. ი.ლ.-ს განცხადებით, “მას მოულოდნელად გაუჩნდა ხორცმეტები, ე.წ. მეჭეჭები, სასქესო ორგანოზე თუმცა გამონაყარი პერიოდულად ქრებოდა და ისევ ჩნდებოდა 6-7 თვის განმავლობაში. გამონაყარის გახშირებას თან ერთვოდა ტკივილები და დისკომფორტი. გართულებული იყო შარდვაც. სექსუალური აქტის შემდეგ აღენიშნებოდა სისხლდენა.” საჭირო გახდა კონსულტაცია უროლოგთან, რომლის დახმარებითაც მოხდა ონკოლოგიურ საავადმყოფოში დაზიანებული უჯრედების არა ერთჯერადი “მოწვა”. თუმცა სანამ ი.ლ. საბოლოოდ განიკურნებოდა, დაინფიცირდა მისი მეუღლე ე.კ. (ოღონდ პაპილომა ვირუსის არა იმ ფორმით, რომელიც კიბოს იწვევს), რომელსაც ასევე ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა და ე.კ.-ს თქმით “ახლა მათი პაპილომა ვირუსი აღარ არის აქტიური, თუმცა საჭიროა სისტემატიურად გინეკოლოგთან და უროლოგთან კონსულტაციები.”



ევროპის ქვეყნების მედიკოსებმა შემოგვთავაზეს საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინა უზრუნველყოფს საიმედო დაცვას სულ მცირე 5 წლის მანძილზე ადამიანის პაპილომა ვირუსის იმ ტიპებისაგან, რომლის წინააღმდეგ ის შეიქმნა. ვაქცინაცია მიმდინარეობს სამჯერადად 6 თვის განმავლობაში. ვაქცინაციის ჩატარება განსაკუთრებით ეფექტურია გოგონებისათვის გარდატეხის ასაკში, სანამ ისინი დაიწყებენ აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას. მოწოდებული ვაქცინა უსაფრთხოა და კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მას მინიმალური გვერდითი მოვლენები აქვს. “ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს, თუმცა ვერ უზრუნველყოფს აბსოლუტურად ყველა ტიპის ვირუსისგან სრულ დაცვას მაშინაც კი როდესაც აცრა ჩატარებულია, საჭიროა რეგულარული კონსულტაცია გინეკოლოგთან ან სკრინინგი”-აცხადებს ექიმი-გინეკოლოგი, ნინო ხელაშვილი.


ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაცია (ECCA) მიიჩნევს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მისი პროფილაქტიკის შესახებ ცოდნის გაზრდა გამოიწვევს ამ დაავადების სიხშირის შემცირებას. სწორედ ამ მიზნით, ECCA-მ 2007 წელს ჩაუყარა საფუძველი ევროპაში საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო კვირეულს, რათა გაზრდილიყო საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მისი პრევენციის შესახებ ინფორმირებულობის დონე ევროპელ ქალბატონებსა და პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლობაში. მას შემდეგ, ეს კვირეული იმართება ყოველ წელიწადს სხვადასხვა ქვეყნებში მაგალითად: ბელგიაში, ხორვატიაში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, სერბეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უკრაინაში და მათ შორის საქართველოშიც. ჩვენი ქვეყნის პირველი ლედი, ქ-ნი სანდრა რულოვსი აქტიურად არის ჩართული ამ პროგრამაში და მასთან ერთად სხვა საზოგადო მოღვაწეებიც.


“სიბრძნის მარგალიტი” წარმოადგენს თვალსაჩინო და ცნობილ სიმბოლოს. მისი მატარებელი ადამიანები გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიმართ. “სიბრძნის მარგალიტის” გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა ხმარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო სხვადასხვა პროექტს.



დღესდღეობით საქართველოში უამრავი ქალბატონი არსებობს დაავადებული საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რომელიც გამოიწვია სწორედ პაპილომა ვირუსმა. ზუსტი სტატისტიკური მონაცემები შეგვიძლია ვიხილოთ ოქტომბრის თვის ბოლოს, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს აღრიცხვა, თუმცა ექიმების თქმით, მათი რიცხვი მატულობს დღითიდღე და თუკი საზოგადოება იქნება საკმარისად ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ, შესაძლებელია რიგ შემთხვევებში თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბო.

1 комментарий: