четверг, 24 декабря 2009 г.

Ganaxlebuli “Maestro”




ტელეკომპანია “მაესტრო”-ში ცვლილებებია. სულ რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ღლონტმა კომპანიის მენეჯერობა ეროსი კიწმარიშვილს გადააბარა. სტუდია “მაესტრო” 1995 წლის თებერვალში შეიქმნა და ის ეთერში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხებზე სხვადასხვა გასართობი გადაცემებით. 2001 წელს ტელეკომპანიამ პირველად საქართველოში შექმნა “პირველი სტერეო”-ს ეთერში მუსიკალურ-გასართობი არხი, შემდეგ კი მოღვაწეობა გააგრძელა ტელეკომპანია “ევრიკაზე”. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ფინანსების მოზიდვაზე. კიწმარიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირისა და აშშ-ს განვითარების სააგენტოებთან, ასევე სოროსისა და ევრაზიის ფონდების წარმომადგენლებთან.



კიწმარიშვილის განცხადებით: “საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, საქართველოში დემოკრატიის დღევანდელი მაჩვენებელი გახდა მიუღებელი. ისინი ღიად წერენ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი ძალიან დაბალია. ბუნებრივია, მათ რეკომენდაციებს ისმენენ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები და ყალიბდება გარკვეული დახმარების პრიორიტეტები, ამიტომ დამოუკიდებელი მედია ხდება ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტი საქართველოში დახმარების თვალსაზრისით. ასევე არის თანხის მოზიდვის ძალიან გავრცელებული ფორმა დასავლეთში ტელეშემოწირულობები, რომელიც ტელემარათონის გზით შეიძლება იქნეს მობილიზებული. თუ მოსახლეობას აქვს სურვილი ჰქონდეს დამოუკიდებელი ტელევიზია და ობიექტური ინფორმაცია, ისინი უნდა ჩაერთვნენ ამ პროექტში. ასევე შევთავაზეთ იგივე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს ოპოზიციურ მხარეს წარმოადგენენ, რომლებსაც აქვთ სერიოზული პრობლემა თავიანთი ინფორმაციის დისტრიბუციისა და კამპანიის წარმოებისა, ღია ფორმით, მათი პირადი სახსრებით, პარტიული სახსრებით, შეექმნათ ფონდი, რომელიც სასტარტოდ მიეხმარებოდა “მაესტროს”. ოღონდ ამ ფინანსებს არ უნდა ქონდეს ე.წ. კომისია, არ უნდა იყოს რაიმე პოლიტიკური ვალდებულება ტელევიზიასა და პოლიტიკურ პარტიას შორის.” კიწმარიშვილი პირობას იძლევა, რომ საინფორმაციო გამოშვებები იქნება ძალიან ობიექტური, სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებენ იმ დახმარებას, რასაც დონორები იძლევიან. თუ არ იქნება დაბალანსებული პოლიტიკა, ბუნებრივია ამას დაერქმევა მიკერძოებულობის სახელი და ამ შემთხვევაში დონორები უარს იტყვიან მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტში.
მაესტროს განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი. ინფო ბოქსში ყოველთვის ითვლებოდა ნოვატორ კომპანიად. მან პირველმა საქართველოში შექმნა იუმორისტული გადაცემა “პა-სეანსი” და პირველმავე შესთავაზა მაყურებელს საქართველოს ისტორიაში პირველი რეალური შოუ “ამტანი”. ტელეკომპანიის დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის განცხადებით: “მაესტრო იყო ყოველთვის კონკურენტუნარიანი, წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვამტკიცებდით, დაწყებული პირველი იუმორისტული პროგრამიდან “პა-სეანსი”, დამთავრებული ბოლო ყველაზე წარმატებული პროექტით-რეალითი შოუებით.”

2007 წლის ნოემბერში “მაესტრომ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ოფიციალურად მიმართა ახალი ლიცენზიის მინიჭების მოთხოვნით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო “მაესტრო” შემეცნებით-გასართობი ლიცენზიის ნაცვლად მაუწყებლობის შესახებ არსებული კანონის გათვალისწინებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლიცენზიას ითხოვდა. ამ პერიოდში გაჩნდა რამოდენიმე ახალი გადაცემა “უკომენტაროდ”, “პროფესია ჟურნალისტი” და სხვები. კომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება ხუთი თვის განმავლობაში ჭიანურდებოდა, მაშინ, როდესაც ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას არათუ ერთ თვეში უნდა მოეხდინა რეაგირება მოთხოვნაზე, არამედ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად შეეძლო მაუწყებლობის სახეობის შეცვლა მოდიფიცირების გზით. 2008 წლის 14 მარტიდან ზემოთ ხსენებული გადაცემების მაუწყებლობა შეჩერდა, რადგანაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გაფრთხილებით, ეს გადაცემები არ თავსდებოდა სტუდია “მაესტროს” ლიცენზიის ფორმატში. 4 აპრილს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უარი განუცხდა “მაესტროს” ლიცენზიის შეცვლაზე. 2008 წლის ოქტომბერში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე პარლამენტში ინიციატივით გამოვიდა “მაესტროსთვის” ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დამზადების და გაშუქების უფლება მიეცა. 2008 წლის 2 დეკემბრიდან, რვა თვიანი პაუზის შემდეგ, “მაესტროს” ეთერში განახლდა ყველა ეს გადაცემები. მაგრამ, როგორც მამუკა ღლონტმა განაცხადა:D”მაესტროს” დღეს ურთულესი ფინანსური მდგომარეობა აქვს, ჩემი ბოლო ნაბიჯიც სწორედ აქედან იყო გამოწვეული, იმიტომ, რომ ან უნდა დამეხურა “მაესტრო” და მერწმუნეთ მეორე დღეს ყველა იტყოდა, რომ პრეზიდენტმა ფული გადამიხადა ამისთვის ან უნდა გამეყიდა ან მენეჯმენტით უნდა მეშველა. ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება, ეროსი კიწმარიშვილს აქვს დიდი გამოცდილება და გარკვეული წარმატებები ამ დარგში. მე ისევ მივიღებ მონაწილეობას მენეჯმენტში, მექნება საშუალება ვეტოს დადების და შემეძლება გავუწიო კონტროლი იმ საქმიანობას, რასაც წარმართავს ბატონი ეროსი და ვთვლი, რომ მისი მენეჯერობა კომპანიას მხოლოდ კარგ შედეგს მოუტანს.



განახლებული “მაესტრო”

იანვრის შუა რიცხვებიდან “მაესტრომ” კიდევ Eერთი სატელევიზიო პროექტი შესთავაზა მაყურებელს- საპროტესტო აქციის არასტანდარტული ფორმით. შოუს მთავარმა გმირმა, მუსიკოსმა და მსახიობმა გიორგი გაჩეჩილაძემ (იგივე “უცნობი”) საკუთარი სურვილით აღიკვეთა თავისუფლება და დაიწყო ცხოვრება ციხის იმპროვიზირებულ საკანში. ამ პერიოდში არხის რეიტინგმა პიკს მიაღწია, თუმცა მამუკა ღლონტის თქმით: “ ჩვენ ვეღარ ვაგრძელებდით მუშაობას, რადგანაც სახელმწიფო გვექცეოდა უკანონოდ. მათ მონოპოლიზირებული აქვთ სარეკლამო ბაზარი და მას შემდეგ, რაც ჩვენი არხი გახდა ოპოზიციური, აშინებდნენ ბიზნესმენებს, რომ არ მოეტანათ ჩვენთან რეკლამა. ამ მონოპოლიზაციით ისინი ფაქტიურად აკოტრებენ ტელევიზიას. მაგრამ, მე მგონი დროა ყველა გამოფხიზლდეს და დაეხმაროს თავისუფალ სიტყვას, იმიტომ რომ თავისუფალი პრესისა და სასამართლოს გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი არ მოხდება.”
სტუდია “მაესტროს” პროგრამები საკაბელო ქსელის მეშვეობით ვრცელდებოდა. AGB-ს (დღესდღეობით ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს იკვლევს) კვლევის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ამ ტელეკომპანიას დაახლოებით 2, 315 000 მაყურებელი ჰყავდა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ მაესტროს მაუწყებლობა გავიდეს სატელიტზე.
ოპტიმისტური განწყობა აქვს “მაესტროს” ჟურნალისტს ნინი ჟიჟილაშვილს, მისი განცხადებით: “ვინაიდან, ჩვენ არ გაგვაჩნდა საკმარისი რესურსები იმისათვის, რომ თავად ჩაგვეტარებინა გამოძიებები, გავსულიყავით რეგიონებში, ყოველდღიური ინფორმაცია მიგვეღო რა ხდებოდა კონფლიქტის ზონაში და ასე შემდეგ, ჩვენ დამოკიდებულები ვიყავით სხვა ტელეკომპანიების მიერ მოძიებულ ინფორმაციებზე. დარწმუნებული ვარ, “მაესტროზე” შეიქმნება თავისუფალი გარემო, იმიტომ რომ ბატონ ეროსის აქვს ამის გამოცდილება და მის ინტერესში არანაირად არ არის ჟურნალისტების ინტერესის დაზარალება და მისი მხრიდან იქნება ალბათ დიდი ხელშეწყობა იმისა, რომ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთოთ. მე ვისურვებდი მეტ მობილიზაციას, მეტ ტექნიკურ ბაზას იმისათვის, რომ ჩვენ მოვედოთ მთელ ქვეყანას და შევქმნათ ეფექტური პროდუქტი. “
განსხვავებული პოზიცია აქვთ ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტებს ნინო ჯანგირაშვილსა და დავით აქუბარდიას. ისინი სკეპტიკურად უყურებენ ეროსი კიწმარიშვილის დანიშვნას “მაესტროზე”, ნინო ჯანგირაშვილმა გულახდილად ისაუბრა ამ თემაზე გაზეთ “ალიასთან” მიცემულ ინტერვიუში: “რატომ ენდნენ ეროსის წარმოუდგენელი რამეა. ეროსი არ არის ის განძი და იმ რეპუტაციის ტელევიზიონშჩიკი, ვიფიქრო, აი ჩავაბარე ტელევიზია და მომეშვა გულზე. მე ვწუხვარ, რომ ეროსი კიწმარიშვილის მისვლით “მაესტროში” ძალიან ცუდად განვითარდება მოვლენები. მე გელაპარაკებით როგორც მოქალაქე. როგორც კონკურენტი არ ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩვენი სერიოზული კონკურენტი გახდეს “მაესტრო”. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი, დავრჩეთ ობიექტურ ტელევიზიად.” დავით აქუბარდიამ კი უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს უარი იმით დაასაბუთა, რომ “საერთოდ არ აინტერესებს რა მოხდება მაესტროზე.”
მამუკა ღლონტის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ყველა ახლანდელი თანამშრომელი ისევ იმუშავებს “მაესტროზე” და ასევე კიწმარიშვილის სურვილით, აქცენტი გაკეთდება ახალი თაობის ჟურნალისტებზე, მაგალითად საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ცნობადი სახეები საზოგადოებაში. რაც შეეხება მათ სამომავლო გეგმებს, ამაზე თავად კიწმარიშვილი საუბრობს, რომ “მაესტრო” გახდება კლასიკური საინფორმაციო არხი, 24 საათიანი მაუწყებლობით. იქნება საინფორმაციო გამოშვებები, დოკუმენტური პროექტები, თოქ-შოუები, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა.შ. “ჩვენ შევქმნით ძლიერ, ავტორიტეტულ ცქერად ტელევიზიას, რომლის საინფორმაციო სამსახურის დამოუკიდებლობას განსაზღვრავს სპეციალური საბჭო, რომელიც გააკონტროლებს, თუ რამდენად დამოუკიდებელია საინფორმაციო სამსახური, მე ვთავაზობ მედია თანამეგობრობას თავად გადაწყვიტონ თუ ვინ იქნებიან ბორდის წევრები, იქნება ეს სახელისუფლებო ენჯეოებიდან თუ პირიქით. რაც უფრო კრიტიკული იქნება ბორდი, ოღონდ სამართლიანად კრიტიკული ჩვენთვის უკეთესი იქნება. დიდი სურვილი მაქვს, იყოს მეორე ბორდიც, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი მაუწყებლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთობას. ამას ერქმევა საერთაშორისო საბჭო, შემდგარი 5-6 ადამიანისგან და აქ მინდა მოვიწვიო უცხოეთში აღიარებული ადამიანები მედიის დარგში.” კიწმარიშვილის სურვილია, რომ კომპანიაში სამუშაოდ დარჩნენ მფლობელების დიდი ნაწილი: “ეს არ არის ვინმე ინვესტორის მიერ შექმნილი კომპანია, ეს არის ამ ხალხის მიერ დაწყებული ნოლიდან და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მინდა, რომ ჩვენ გვქონდეს აქტიური თანამშრომლობა, მათთვის ეს პროექტი არის არამარტო ქონებრივი ასპექტი, არამედ მათი კეთილდღეობის შემადგენელი ნაწილი.”
როგორ განხორციელდება მათი იდეები და გახდება თუ არა კომპანია მართლაც ობიექტური, მიუკერძოებელი ტელევიზია, ამას ჩვენ სულ მალე გავიგებთ, რადგან “მაესტრო” ახალი მაუწყებლობით ეთერში გასვლას თებერვლის შუა რიცხვებიდან გეგმავს.

Комментариев нет:

Отправить комментарий