среда, 2 июня 2010 г.

ჯადოქრობა 21-ს საუკუნეში კვლავ აქტუალურია

“ანითა, მანითა, შავ ტარიანი დანითა, აგყრი-დაგჭრი ქვაბსა ჩაგყრი გვარლისასა,
შემოგინთებ ცეცხლ-გენიას, გაგაქროლებ თვალისათა, ფერო მოდი ფერთანა,
ხორცო მოდი ხორცთანა, გულო მოდი გულთანა, გულო ჩაჯექ ალაგასა.
ყვავი მოხარშე ისე, რომ ორთქლი არ გამოუვიდეს და იმისი წვენი დალიე, მორიელის სისხლი გაახმე და მიიღე, აქლემის ძვალი, ჯოჯოხეთის ქვა და ეშმაკის კიტრანა ერთმანეთში აურიე და მიიღე, ნახე როგორ გიამოს.”
ასე ექიმბაშობდა ყველასათვის ნაცნობი პერსონაჟი ფუფალა ქართული ფილმიდან “ნატვრის ხე.” ეს დიდი ხნის წინათ იყო, თუმცა დღესაც არიან ჩვენში უამრავი ექიმბაშები, ნათელმხილველები, ე.წ. მჩხიბავები და მკითხავები. მკითხავის საქმიანობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს, მეფეებსაც კი ნათელმხილველები ჰყავდათ, რომელთაც ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას. მე-16 საუკუნეში საფრანგეთში, დედოფალს, ეკატერინე მედიჩს საკუთარი ”პარფიუმერი,”ფლორენციელი რენე ჰყავდა, ყველამ იცოდა მისი “ჯადოქრობის” შესახებ, “რენეს სახლი იმდენად თავზარდამცემი იყო, რომ როცა გამვლელები ხიდზე გადადიოდნენ, ამ ადგილს შორი მანძილით შემოუვლიდნენ ხოლმე, თითქოს ეშინოდათ, ინანთალის სურნელი კედლიდან არ გამოვიდეს და ჩვენს ყნოსვას არ მოსწვდესო. უფრო მეტიც, მარჯვნივ და მარცხნივ მობინადრე მეზობლებს ცხადია შეეშინდათ და როგორც კი წმინდა მიხეილის ხიდზე რენე დასახლდა, ერთიმეორის მიყოლებით თავიანთი სახლებიდან აიბარგნენ.” (ალექსანდრე დიუმა “დედოფალი მარგო”) რენე გარდა იმისა, რომ პარფიუმერიას ამზადებდა და შიგ საწამლავს ურევდა, სიყვარულის გამოსაწვევად ცვილის თოჯინებს გულში ფოლადის ნემსს უყრიდა, შემდეგ შელოცვებს ამბობდა, როგორც კი დაასრულებდა, თოჯინის გულიდან სისხლის წვეთები ამოჟონავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შელოცვამ კარგად იმოქმედა. არა ერთი თქმულება და მითი გაგვიგონია ფარაონების შესახებ და თუ ამ მითებს დავუჯერებთ, ეგვიპტეშიც საკმაოდ გავრცელებული იყო ჯადოს მეშვეობით ფარაონების სიკვდილი ან ავადმყოფობა. აფრიკულ და სამხრეთ ამერიკულ ტომებში დღესაც შეხვდებით უამრავ მკითხავს, რომელიც თავს შავი მაგიის წარმომადგენელს უწოდებს. მათ ძველი ხალხი ჯადოქრებსა და კუდიანებს ეძახდა. ჯადოქრობის საქმიანობა სხვადასხვაგვარად იყო შეფასებული, მაგალითად, სასიყვარულო მაგია აღიქმებოდა ხან როგორც უწმინდური საქმე, რომელსაც ზიანი მოჰქონდა იმ ადამიანისათვის, რომლისთვისაც იყო გამიზნული, ხან კი როგორც დასაშვები საქმიანობა, მაგალითად ოჯახიდან წასული ქმრის მოსაბრუნებლად. საუკუნეების წინ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხშირად უბრალო ადამიანებიც ფლობდნენ მაგიის გარკვეულ ცოდნას, მაგრამ არა იმ მოცულობით, როგორც ამ საქმის პროფესიონალნი, მაგიურ ცოდნას ქალები იყნებდნენ ბავშვების ავადმყოფობისგან განსაკურნებლად. არსებობდა ბატონის რისხვის, მეფის ავი თვალის, მეომრების ომში გადარჩენის და სხვა გასაჭირისგან თავის დასაღწევი შელოცვები. თუ იმდროინდელ თქმულებებს დავუჯერებთ, მაშინ ჱყველას სწამდა ჯადოქრების არსებობისა, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ იმქვეყნიურ შავ ძალებთან, მათი მონაყოლით, ისინი გარეგნულად ინიღბებოდნენ და მალავდნენ თავიანთ კავშირს უწმინდურ ძალებთან. “ჯადოქართა ნამოქმედარის შედეგები მრავალრიცხოვანი და სხვადასხვაგვარია, ისინი ადამიანს უგზავნიან საშინელ ავადმყოფობასა და სატანჯველს, ზოგჯერ მათი ზემოქმედებით ადამიანი კარგავს გონებას, მოძრაობის უნარს. ეს უკანასკნელი ხშირად დასჯის მიზნით არის გამოყენებული. ადამიანის გათვალვა და სხვა უბედურებები ხშირად ეგზავნებოდა სპეციალური შელოცვილი საგნების საშუალებით, რომელთაც ჯადოს ეძახდნენ. ამგვარ ჯადოს შეაგდებდნენ სახლში ან სადმე ახლოს ჩაფლავდნენ, ჯადო შეიძლება ყოფილიყო რაიმე ჩვეულებრივი ნივთი, ზოგჯერ თითქოს შემთხვევით დაკარგული. თუ გამოუცდელი ადამიანი აიღებდა მას და გამოიყენებდა, ყველაზე საშინელი სატანჯველი, ზოგჯერ სიკვდილიც კი ელოდა. ძნელი სათქმელია, რა საგანს იყენებდნენ ამა თუ იმ ჯადოს სახით, ყოველ ჯადოქარს თავისი მეთოდი ჰქონდა, ჯადო შეიცავდა საგნებს, რომლებიც ეკუთვნოდა იმ ადამიანს, ვისთვისაც იგი იყო განკუთვნილი ან ჯადოქრულ ძალასთან დაკავშირებულ რაიმე ნივთებს, ქილებში, რომლებსაც ამოთხრიდნენ, ან სადმე გადამალულს იპოვნიდნენ, აღმოჩნდებოდა ადამიანის თმა, მოჭრილი ფრჩხილები, ლაყე კვერცხი, ფუნა, ცხოველის ბეწვი. თუ ჯადოს შეამჩნევდნენ, მისგან თავის დაღწევა შესაძლებელი იყო გამოცდილი ჯადოქრის-მკითხავის მეშვეობით. მოჯადოება შესაძლებელია საკვებით ან სასმელით. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ საკვებში ურევენ რაიმე შხამს.”(ვალენტინე ხარიტონოვა “შავი და თეთრი მაგია”)
ისე არა როგორც წლების წინ, მაგრამ პარასფსიქოლოგები, ნათელმხილველები და მკითხავების ნაკლებობას დდღესაც არ ვუჩივით, პირიქით, თითქოს ერთგვარი მოდაც დამკვიდრდა მათთან ურთიერთობისა. თუ მათ ნათქვამს დავუჯერებთ, მათი კლიენტები ძირითადად პოლიტიკოსები, მათი ცოლები და უნუგეშოდ შეყვარებულები არიან. ეს ადამიანები რა თქმა უნდა თავის თავს განგების ნიჭით დაჯილდოვებულს უწოდებენ, კატეგორიულად უარყოფენ რაიმე კავშირს ე.წ. შავ ძალებთან და ამბობენ, რომ საკუთარ თავში უთავსებენ ერთმანეთს ღვთიურ და ადამიანურ საწყისებს, ეხმარებიან ადამიანს ძნელბედობის ჟამს, როცა იგი შეწუხებულია საკუთარი ან ახლობლის ბედ-იღბლით, მათი წინასწარმეტყველება არ აღიქმება ჩვეულებრივი მკითხაობის სისტემად, არ მიიღებს მონაწილეობას უწმინდურ საქმეში და არ დაეხმარება უღირს ადამიანს. ჯადოს სპეციალისტებად ისინი ძირითადად მოლებს ასახელებენ, როგორც ამ საქმის პროფესიონალებს. მარნეულში და ჯანდარაში არა ერთი ცნობილი მკითხავია, რომლებსაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნებისმიერი სახის ჯადოს დამზადება შეუძლიათ. ხშირად გაგვიგონია, ამ ადამიანს ჯადო აქვსო გაკეთებული. ზოგს სჯერა ასეთი სასწაულების, ზოგს კი სასაცილოდაც არ ჰყოფნის (განსაკუთრებით მამაკაცებს), მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მრავალრიცხოვანი შეკითხვები ძირითადად უპასუხოდ რჩება, რატომ იცვლებიან ჩვენთვის საყვარელი ადამიანები თვალსა და ხელს შუა? ნინო კ. რომელიც მეუღლემ მიატოვა იხსენებს: “მე და ვასიკო ძალიან წყნარად, ნორმალურად და ვფიქრობ, ბედნიერად ვცხოვრობდით 9 წლის განმავლობაში. გვყავს 2 ბიჭი. ნორმის ფარგლებში არაფერი არ გვაკლდა, ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით და ვმეგობრობდით კიდეც, მეგობრები ან ჩვენთან იკრიბებოდნენ საღამოობით ან ჩვენ მივდიოდით სადმე დროის გასატარებლად. იყო ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი ქმარი და მამა. შემდეგ სამსახური გამოიცვალა და ყველაფერი იქიდან დაიწყო, გახდა აგრესიული, სულ ვაღიზიანებდი, მეგონა სამსახურში ჰქონდა პრობლემები და სულ ვეკითხებოდი, მაგრამ ყველაფერი კარგად არისო, იძახდა. რაც დრო გადიოდა სულ უფრო ვშორდებოდით ერთმანეთს, ეს ის ადამიანი აღარ იყო ვინც მანმადე ასე მიყვარდა. ერთ დდღესაც დაბრუნდა სამსახურიდან, ჩაალაგა თავისი ნივთები და მითხრა სხვა ქალთან მივდივარო. ისინი ერთად მუშაობდნენ თურმე. ჩემი მდგომარეობა ალბათ წარმოგიდგენიათ და არ მინდა იმაზე ბევრი ვილაპარაკო, თუ როგორ დამეცა თავზარი. არც ის ვიცი რა გაუკეთა იმ ქალმა ასეთი. მას მერე ერთად აღარ გვიცხოვრია, ათასში ერთხელ თუ ნახავს ბავშვებს და ეკონომიურადაც არ გვეხმარება. ხშირად მიფიქრია და ბევრს უთქვამს ჩემთვის, რომ ჯადო აქვს გაკეთებული, მე აღარ ვუყვარვარ, მაგრამ შეიძლება ბავშვებიც ასე აღარ ახსოვდეს? ან შეიძლება ადამიანი ასე შეიცვალოს?”
ჯადოს არსებობას ეკლესიაც არ უარყოფს. როგორც მეტეხის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა აკაკიმ (რომელიც სწორედ კვეთებულის ლოცვებს კითხულობს ჯადოს მოსახსნელად) გვითხრა: “რა თქმა უნდა ჯადო არსებობს. ეშმაკი პირდაპირ მიილტვის ადამიანებისაკენ, მათი საქმე არის რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააუბედურონ, დააუძლურონ. სამწუხაროდ წარმატებით მოქმედებს ჯადო ურწმუნო ადამიანებზე, ამ ადამიანებს ხან სნეულება დაემართებათ, ხან რაღაც გაუმართლებლობა, ხან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩააგდებენ, შეიძლება თვითმკვლელობითაც დამთავრდეს ვიღაცის სიცოცხლე და ეს ითვლება სწორედ ბოროტი ძალების წარმატებად. უამრავ ადამიანს მოუმართავს სამწუხაროდ და ინგრევა უამრავი ოჯახები. ჯადომ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, იმიტომ, რომ ისეთი სახის სნეულებები ხდება, რომ თვით მედიცინა უძლურია მის მიმართ. თუკი ადამიანი მორწმუნეა, ეკლესიაში მოდის და აქ აღსარებით, სინანულით, ზიარებით ცხოვრობს, მასზე არანაირი ჯადო არ იმოქმედებს.” მამა აკაკი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მკითხავები და ნათელმხილველები ღვთისაგან ზებუნებრივი ძალით არიან დაჯილდოვებული ადამიანის მომავლის შეცნობაში: “მჩხიბავები და ჯადოს მქმნელები მხოლოდდამხოლოდ ეშმაკის მსახურნი არიან და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩააგდონ ცოდვაში.”
საპირისპიროს ამტკიცებს მკითხავი და ნათელმხილველი სელინა: “არსებობს როგორც კეთილი, ისე ბოროტი ძალები. ბოროტ ძალას შეუძლია ცხოვრება დაუნგრიოს ადამიანს, შავი მაგია უნდა მოიხსნას თეთრი მაგიით. ნებისმიერი სახის ჯადოს მოხსნა შემიძლია, ჯადო ბევრნაირია, მომაკვდინებელი, ასევე არის ჯადო, რომელიც აავადმყოფებს ადამიანს და ა.შ. მაგრამ მე თვითონ არასოდეს არ ვაკეთებ ჯადოს, რამდენი ფულიც არ უნდა გადამიხადონ. ამის გაკეთება არ შეიძლება. ამას ძირითადად აკეთებენ მოლები. და ის ვინც აკეთებს ამ შეკვეთას და ვინც უკვეთავს ამას, ისინი იქნებიან დასჯილნი. მათ ეს ყველაფერი დაუბრუნდებათ. მე ვგრძნობ ენერგეტიკით აქვს თუ არა ადამიანს ჯადო მართლა გაკეთებული. არის ბუნებაში რაღაც საიდუმლოებები, რომლებიც ეძლევა ადამიანებს. რატომღაც ჯადოს ყველა მღვდელი ვერ ხსნის, თუკი ისინი იძახიან, რომ ლოცვით მოიხსნება ჯადო, რატომ ვერ ათავისუფლებენ ადამიანს ჯადოსგან? იმიტომ. რომ მათაც უნდა ჰქონდეთ ამის ძალა ბოძებული. ასევე მაქვს მე ეს ძალა ბოძებული, როგორც მას მიეცა, ისე მომეცა მეც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე სატანისტი ვარ.”
ქ-ნი ლამარა მ. რძალს ადანაშაულებს, რომ მან მის ბიჭს ჯადო გაუკეთა: “ჩემმა ბიჭმა ეგ გოგო უნივერსიტეტში გაიცნო და მალევე შეუყვარდა, წინააღმდეგი ვიყავი მათი დაქორწინების რიგი მიზეზების გამო, ტყუილს ხომ ვერ ვიტყვი არ მომწონდა, თავხედი და უტიფარია, არ იყო ჩემი შვილისა და ჩვენი ოჯახის შესაფარისი, ჩემმა ბიჭმა არ დაგვიჯერა, მაინც მოიყვანა ცოლად, რაღას ვიზავდი? მივიღე ისე როგორც საჭირო იყო. მაგრამ სიკეთე ვერ დავანახე, იმხელა პრეტენზიები ჰქონდა, იმხელა, თან სულ მუდამ ჩემზე ეჩიჩინებოდა რაღაცეებს, ჩამოხმა ნერვიულობისგან ჩემი ბბიჭი, ხშირად ავადმყოფობდა, სულ მუდამ რაღაც ვითომ შინაურ წამლებს ასმევდა რძალი, ეს მოგარჩენსო, რა იყო კაცმა არ იცის. მე არ მაძლევდნენ ჩარევის უფლებას. აღარც ჩემი და აღარც მამამისის დანახვა უნდოდა, ცალკე გადავიდნენ ქირით, ვხვდებოდი ჩემი შვილის თავს კარგი ამბავი რომ არ იყო, ის გოგო ყველაფერზე იყო წამსვლელი. მეც მირჩიეს, რომ არის ქალი, რომელიც ჯადოს ხსნის, მივაგენი იმ ქალს, ახლა დავდივარ მასთან, ერთად ვლოცულობთ, ამ ბოლო დროს, სხვათაშორის, ჩემმა ბიჭმა დაიწყო ისევ ჩვენთან სიარული და ჩვენი მოკითხვა. ვიცი ისევ მე უნდა ვუშველო, მაგრამ ამ ყველაფერს დრო ჭირდება.”
ასეთი ისტორია ბევრია, მაგრამ ვერ გაიგებ, სად სიმართლის მარცვალი ურევია და სად გადამეტებული ტყუილი. რთულია იფიქრო, რომ 21-ე საუკუნეში ისევ არსებობენ მოლები და ჯადოქრები, მაგრამ როდესაც მსგავსი პრობლემები ჩვენს ირგვლივ ხდება და ჩვენს ახლობლებს ეხება, უნებურად გიპყრობს შიში იმისა, რომ სადღაც არსებობს იდუმალებით მოცული სამყარო და ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება გახდეს ბოროტების მსხვერპლი.

3 комментария: